... (Q-1369), 1823 წ.

1063. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნა ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გამაცხადებთ მე ვინა

1064. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკლვიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1065. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანასდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

1066. ფატმან ხათუნ ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1067. მიღმა ვუთხრა ვა თუ გაწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქუა ვეღარ გავსძლებ ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვთქუა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1068. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარყეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილთან სამიჯნუროდ მიწერილი

1069. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს დასაქადებლად

1070. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1071. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავჰყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივჰხდები ცნობასა

1072. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1073. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქნები თავისწინა აქა მპოვებ მარტოსა მე მომისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

1074. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხუა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქუა თუ ჰგავსო ეგე რასა

1075. წვეული აღარ დაბრუნდა კულავ ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესლვითა შე ვითა ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა

1076. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოჰყვა მონა ხრმალდარაკიანი დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ ჰგავსო თუ გზაა კლდიანი

1077. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობაწოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

1078. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

1079. ესე თქუა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექმნა თავის ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთათ შეეყარნეს წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქუა დამქოლეთ მოდით ქვითა მომადეგით მომაკარნი

1080. მოთქუამს მოვჰკალ ჰაი ქმარი ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარვყავ საქონელი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა ვა გამზრდელნი ვა გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა სიტყუანია ჩემნი წბილნი