... (Q-1369), 1823 წ.

1118. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1119. ვთქჳ უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1120. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქჳ უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1121. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1122. ვით გიანბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფაქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1123. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აკიკსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1124. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს სხუა კიდეგანი ქვისაგან

1125. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა

1126. სხუა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქმნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1127. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქჳ თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად შევიდი თუ გამვიდი

1128. ვთქჳ თუ არ ვუთხრა რა უყო ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1129. მე გლახ მარტომან რა ვუყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა

1130. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მომეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1131. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სადმე მო გიჩვენებ მზისა ფერსა

1132. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაკართა რა შუქნი ნახნა მზისანი თქუა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისცა თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი

1133. ვთქჳ თუ არცარა მე ვიცი ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა

1134. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მსგავსი ლალისა

1135. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგვითენდა

1136. ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხიავაზა პირქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კულავცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით ეს ოდენ გვითხრა ენითა

1137. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქუა შევინანეთ სხუამცა რაღა შევიწამეთ ძლივს ვეაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ