... (H-1090), XIX ს.

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო, სიცილით ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს჻ მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ყვებოდეს჻ უბრძანა ჰსთქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს჻

80. მონათა ჰკადრეს მართალსა, გკადრებთ და ნუ გემცდარებით჻ მეფეო ყოლა ვერ ვიტყჳთ, თქვენსა მაგისა დარებით჻ აწვეცა დაგვჰხოც ვერა ჰგავ, ვერათ ვერ მოგეხმარებით჻ ვისგან ნაკრავნი გვინახავნ, მჴეცნი ვერ წაღმა წარებით჻

81. ორთავე ერთგან მოკლული, ყუელაი ასჯერ ოცია჻ მაგრა ავთანდილს ოცითა, უფროსი დაუჴოცია჻ არ დაჰსცდომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია჻ თქვენი მრავალი მიწითა, დასვრილი დაგვიხოცია჻

82. მეფესა ესე ამბავი უჩანს, ვითა მღერა ნარდისა჻ უხარის ეგრე სიკეთე, მისისა განაზარდისა჻ აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა჻ სიცილით ლაღობს მიეცა, გულით ამოსლვა დარდისა჻

83. იგი ორნივე საგრილად, გარდახდეს ძირსა ხეთასა჻ ლაშქართა შეჰქნეს მოდენა, მოდგეს უფროსი ბზეთასა჻ ახლოს უდგს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა჻ თამაშობდეს და უჭურეტდეს, წყალსა და პირსა ტყეთასა჻

აქა ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა:

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჰსჯდა მტირალი წყლისა პირსა჻ შავი ცხენი სადავითა, ჰყოც ლომსა და ვითა გმირსა჻ ხშირად ესხა მარგალიტი, ლაგამ აბჯარ უნაგირსა჻ ცრემლსა ვარდი დაეთრთჳლა, გულსა მდუღრად ანატირსა჻

85. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა჻ ვეფხის ტყავისა ქუდივე, იყო სარქმელი თავისა჻ ჴელთა ნაჭედი მათრახი, ჰქონდა უმსხოსი მკლავისა჻ ნახეს და ნახვა მოუნდა, უცხოსა სანახავისა჻

86. მოვიდა მონა საუბრად, მის ყმისა გულ მდუღარისად჻ თავ ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტთა მოლიზღარისად჻ მუნვე ჰსწვიმს წვიმა ბროლისა, იგია გიშრისა ღარისად჻ ახლოს მივიდა მოჰსცალდა, სიტყჳს თქმა აღარისად჻

87. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა჻ დიდხან უჭურეტს გაკჳრვებით, თუცა გული უმაგარდა჻ მოახსენა გიბრძანებსო, ახლოს მიდგა დაუწყნარდა჻ იგი ჰსტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა჻

88. მის მონისა არა ესმა, სიტყუა არცა ნაუბარი჻ მათ ლაშქართა ძახილისა, იყო ერთობ უგრძნობარი჻ უცხოდ რადმე ამოსკუნიდა, გული ცეცხლთა ნადებარი჻ თვალთა სისხლი ერეოდა, გაჰსდის ვითა ნაგუბარი჻

89. სხვაგან ქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან჻ ესე მეფისა ბრძანება ერთჴელ, კულავ ჰკადრა მონამან჻ არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან჻ არცა გახლიჩა ბაგეთათ, თავი ვარდისა კონამან჻

90. რა პასუხი არა გაჰსცა, მონა გარე შემობრუნდა჻ როსტენს ჰკადრა შემიგტყვია, იმას თქვენი არა უნდა჻ თვალნი მეტად გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა჻ ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ და჻

91. მეფე გაჰკჳრდა გაცაწყრა, გული უცს მისთვის მწყრომარე჻ გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე჻ უბრძანა ჴელთა აიღეთ, აბჯარი თქვენ საომარე჻ მიდით და აქა მომგუარეთ, ვინ არის იქა მჯდომარე჻

92. მონანი მიდგეს მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია჻ მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ მდუღარია჻ თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია჻ ერთხელ ესე ჰსთქვა ვამეო, სხვად არას მოუბარია჻

93. თვალთა ჴელნი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა჻ ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა჻ ცხენსა შეჰსჯდა მონათამცა, საუბარნი რად იყურნა჻ სხვასა მჴარსა გაემართა, მათი ჭირნი არა განჰკურნა჻

94. მონათა ჴელი გამართეს, მის ყმისა შესაპყრობელად჻ მან გლახ იგინი დახადნა, მტერთაცა საწყალობელად჻ ჰკრა ერთმანერთსა დაჰჴოცნა, თავის ხელ აუპყრობელად჻ ზოგსა გადაჰკრის მათრახი, მკერდამდის გასაპობელად჻

95. მეფე გაჰსწყრა გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა჻ მან მდეუართა მიწევნამდის, არ უჭვრიტა არცა ნახნა჻ რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკუდართა დაასახნა჻ კაცნი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა჻

96. შესხდეს მეფე და ავთანდილ, მის ყმისა მისაწეველად჻ იგი ლაღი და უკადრი, მივა ტანისა მრხეველად჻ ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად჻ შეიგნა მისვლა მეფისა, მისად უკანა მდეველად჻

97. რა ჰსცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა჻ მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა჻ ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა჻ ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს, კუალსა მისგან წანარბენსა჻