946. მო ზუალო მამიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ჴშირსა჻ შემოჰყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთვის ტირსა჻
947. ჰე მუშთარო გიაჯები: შენ მართალსა ბრჭესა სრულსა჻ მო და უყავ სამართალი: გაებჭობის გული გულსა჻ ნუ ამრუდებ უმართლესა: ნუ წაიწყმედ ამით სულსა჻ მართალი ვარ გამიკითხე: რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა჻
948. მოდი მარიხო უწყალოდ: დამჭარ ლახურითა შენითა჻ შეცამღებე და შემსვარე: წითლად სისხლისა დენითა჻ მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი: მას გააგონენ ენითა჻ როგორ გასრულვარ შენ იცი: გულია აღარს ლხენითა჻
949. მოდი ასპიროზ მაგრე რა: მან დამწვა ცეცხლთა დაგითა჻ ვინ მარგალიტსა გარეშე: მოსცავს ძოწისა ბაგითა჻ შენ დააშვენებ კეკლუცთა: დაშვენებითა მაგითა჻ ვისმე ჩემებრსა დააგდებს: გაჰხდი ცნობითა შმაგითა჻
950. ოტარიდო შენგან კიდე: არვის მიგავს საქმე სხვასა჻ მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს: შემიყრის და მიმცემს წვასა჻ დაჯე წერად ჭირთა ჩემთა: მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა჻ კალმად გიკვეთ გაწლობილსა: ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა჻
951. მოი მთვარეო შემიბრალე: ვილევი და შენებრ ვმჭლდები჻ მზე გამავსებს მზევე გამლევს: ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები჻ მას უამბენ სჯანი ჩემნი: რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები჻ მიდი უთხარ ნუ გამწირავ: მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები჻
952. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი: შვიდნივე მემოწმებიან჻ მზე ოტარიდი მუშთარი: და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან჻ მთვარე ასპიროზ მარიხი: მოვლენ და მოწმად მყვებიან჻ მას გააგონენ რანიცა: ცეცხლი უშენოდ მდებიან჻
953. აწ გულსა ეტყჳს ვითამცა: გდის ცრემლი არ გაგჴმობია჻ რას გარგებს მოკლვა თავისა: ეშმა ძმად თურე გძმობია჻ მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა: თმად ყორნის ბოლო სთმობია჻ მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ: ლხინი რა დასათმობია჻
954. თუ დავრჩეო ესე მიჯობს: სიცოცხლისა იტყჳს თუსა჻ ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა: ნუ ვიძახი მიწყივ უსა჻ მიიმღერის ჴმასა ტკბილსა: არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა჻ მისსა ჴმისა თანა ჴმაცა: ბულბულისა ჰგვანდის ბუსა჻
955. რა ესმოდის მღერა ყმისა: სმენად მჴეცნი მოვიდიან჻ მისვე ჴმისა სიტკბოსაგან: წყლით ქვანიცა გამოსხდიან჻ ისმენდიან გაკვირდიან: რა ატირდის ატირდიან჻ იმღერს ჴმითა საბრალოთა: ღვარისაებრ ცრემლნი სდიან჻
956. მოვიდიან შესამკობლად: ქვეყნით ყოვლნი სულიერნი჻ ტყით ნადირნი წყალში თევზნი: ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი჻ ინდო არაბ საბერძნეთით: მაშრიყით და მაღრიბელნი჻ რუსნი სპარსნი მოფრანგენი: და მისრეთით მეგვიპტელნი჻
957. ყმა მტირალი სამოცდათ დღე: ზღვისა პირსა მივა გზასა჻ შორით ნახა მენავენი: მოდიოდეს შიგან ზღვასა჻ მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ: თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა჻ ეს სამეფო ვისი არის: ან ჰმორჩილობს ვისსა ჴმასა჻
958. მათ მოახსენეს ტურფაო: სახით და ანაგებითა჻ გვეუცხოვე და გვეკეთე: მით გეუბნებით ქებითა჻ აქამდის ზღვარი თურქთაა: მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა჻ ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ: თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა჻
959. ნურადინ ფრიდონ მეფეა: ამა ქვეყნისა ჩვენისა჻ მოყმე მჴნე უხვი ძლიერი: ფიცხლად მამხტომი ცხენისა჻ ვნება არავის არ ძალუც: მის მზისა ოდნად მშვენისა჻ იგია ჩვენი პატრონი: მსგავსი ცით შუქთა ფენისა჻