1000. დასხდეს შეიქმნა პურობა: გაამრავლებდეს მახალსა჻ უმასპინძლებდეს ავთანდილს: ვითა მძახალი მძახალსა჻ მოიღებდიან ჭურჭელსა: ტურფასა ახალ ახალსა჻ მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა: გული მიეცა გლახ ალსა჻
1001. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა: ნადიმი მსმელთა ჯარისა჻ გათენდა ბანეს ავთანდილ: რიცხვი ძეს მუნ ატლასისა჻ შესამოსელი შემოსეს: დრაჰკნისა ბევრ ათასისა჻ შეარტყეს წელთა სარტყელი: დაუდებელი ფასისა჻
1002. ყმამან დაყვნა დღენი რამე: თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა჻ ფრიდონს თანა ნადირობად: გავიდეს და თამაშობდა჻ სწორად ჰჴოცდის შორს და ახლოს: თუ რას ჴელსა მიაპყროდა჻ მისი სროლა მშვილდოსანსა: ყველაკასა აწბილობდა჻
1003. ყმა ფრიდონს ეტყჳს გესმოდეს: ჩემი აწ მონახსენები჻ მე თქუენი გაყრა სიკუდილად: მიჩს და მით თავსა ვევნები჻ მაგრა არა მცალს დღე კრულსა: ცეცხლი მე სხვათა მედების჻ გზა გრძელი საქმე სასწრაფო: მიც დია დამეყოვნები჻
1004. მართალ არს შენი გამყრელი: თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა჻ დღეს წაუვალი ვერა ვარ: მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა჻ დგომა მგზავრისა ცთომაა: კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა჻ სადა გინახავს იგი მზე: წამომყევ ზღვისა კიდესა჻
1005. ფრიდონ უთხრა დასაშლელი: ჩემგან არა არ გეთხრობის჻ ვიცი რომე აღარა გცალს: შენ ლახვარი სხვა გესობის჻ წადი ღ~თი გიწინამძღვრებს: შენი მტერი დაემჴობის჻ მაგრა თქჳ თუ უშენობა: ჩემგან ვითა დაითმობის჻
1006. ამას გკადრებ არ ეგების: მარტოსაგან წასლვა შენი჻ თანა ყმათა წამოგატან: იმსახურენ იახლენი჻ აბჯარი და საქონელი: ერთი ჯორი ერთი ცხენი჻ არ წაიტან გაირჯები: ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი჻
1007. მოასხნა ოთხნი მონანი: მისანდობელნი გულითა჻ სრული აბჯარი საკაცო: ქაფითა საბარკულითა჻ სამოცი ლიტრი წითელი: აწონით არ ნაკლულითა჻ ერთი ტაიჭი უებრო: მით უნაგრითა სრულითა჻
1008. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა: საგებელი აუკიდა჻ წავიდა და ფრიდონ შეჯდა: მასთანავე გამოვიდა჻ აწ გაყრისა მომლოდნესა: ედებოდა ცეცხლი სწვიდა჻ მოსთქვამს თუმცა მზე გვიახლა: ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა჻
1009. ზარი მის ყმისა გაყრისა: გაჰჴდა მიეცნეს წუხილსა჻ მოატყდეს მოქალაქენი: ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა჻ ჴმა ძახილისა მათისა: გვანდა აერთა ქუხილსა჻ იტყოდეს მზესა მოვშორდით: მო თვალნი მივსცეთ წუხილსა჻
1010. ქალაქი გავლეს მივიდეს: პირსა დიდისა ზღვისასა჻ მაშინ ფრიდონის ნახულსა: ნასაჯდომევსა მზისასა჻ მუნ დაადენდეს ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ ფრიდონ უამბობს ამბავსა: მის მნათობისა ტყჳსასა჻
1011. აქა მათ ორთა მონათა: მზე მოიყუანეს ნავითა჻ კბილ თეთრი ბაგე ბალახში: სახედავითა შავითა჻ ცხენი გავქუსლე გავაგე: წაგვრა ჴლმითა და მკლავითა჻ შორს მნახეს ადრე გამექცეს: ნავი მფრინველე ჩნდა ვითა჻
1012. მოეხვივნეს ერთმანერთსა: გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი჻ აკოცეს და გაუახლდეს: მათ ორთავე მათნი წვანი჻ გაიყარნეს გაუყრელნი: ძმად ფიცნი და ვითა ძმანი჻ ფრიდონ დადგა ყმა წავიდა: შემხედველთა მკვლელი ტანი჻
1013. ყმა მიმავალი მიუბნობს: მზგავსი მთვარისა სრულისა჻ არს თინათინის გონება: მისად სალხენად გულისა჻ იტყჳს მოგშორდი სიცრუვე: ვაი საწუთროსა კრულისა჻ შენ გაქუს წამალი ჩემისა: მამრთელებელი წყლულისა჻
1014. რად სიცხე გულსა ნიადაგ: მწვავს გმირსა სამსალებისა჻ რად გული კლდისა ტინისა: შემქნია სამ სალებისა჻ არ შეუძლია ლახვარსა: დაჩენა სამსა ლებისა჻ შენ ხარ მიზეზი სოფლისა: ასრე გასამსალებისა჻
1015. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა: მივა ოთხითა მონითა჻ წამალსა ტარიელისსა: ეძებს ყოვლითა ღონითა჻ დღისით და ღამით მტირალი: იღვრების ცრემლთა ფონითა჻ ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა: მისვე ჩალისა წონითა჻
1016. სადაცა ნახნის ეუბნის: მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი჻ ჰკითხის მის მზისა ამბავი: დღენი ვლნა გაასებულნი჻ ქედსა გარდადგა აქლემნი: აუჩნდა ლარ კიდებულნი჻ მოქარავნენი ზღვის პირსა: დაყრით დგეს შეჭირვებულნი჻
1017. მუნ ქარავანი ურიცხვი: მოსდგმოდა ზღვისა კიდესა჻ შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს: ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა჻ ყმამან სალამი უბრძანა: ქებასა შეასხმიდესა჻ ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ: მათ საუბარი ჰკიდესა჻
1018. უსამ იყო ქარავნისა: უხუცესი კაცი ბრძენი჻ მოახსენა ხოტბა სრული: დალოცა და უქნა ზნენი჻ ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და: შენ ამოჴე ჩვენი მლხენი჻ ჩამოჴე და მოგახსენოთ: ამბავი და საქმე ჩვენი჻