... (H-1128), XIX ს.

984. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დახოცა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხარ თეძო დალეწა და ზოგთა სული ხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა

985. მათ სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თჳთ შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაკრთა მათთა ხრმალთა ცხენსა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

986. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ დასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა

987. იგი ვძებნე სამსა წელსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვპოვე ვარდი მოყვითანე შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი

988. ქვაბნი წაუხმან დევთათვის სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს არ ახალ არ ახლებია ვაი მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ხლებია

989. ქალი მარტო ქვაბსა შინა ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართმევს და იმით არჩენს იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

990. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა სასურველისა

991. ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირ მეტყველსა ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვაჲ მე მისსა მგონებელსა ვაი მას ვინცა მისთვის კვდების

992. მის ყმისა ცეცხლი მედების დამწვა ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავხე გულითა ხელითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი მყოფნი გულითა მქისითა

993. დავეთხოვე და გამიწყრა მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იძახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

994. შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩივე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

995. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

996. ლაშქართა შიგან შეიქმნა ჴმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა ქედისა ფრიდონ სტირს მოთქვამს ჴმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუე ვაი საწუთროსა ფლიდისა

997. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ ვერ საქებო ვერ სათქმელო ჴმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო მხლებელთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

998. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია თუმცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩანს მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

999. ფრიდონ თქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა სული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ჭვრეტითა აერ ფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა

1000. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს სრულითა შეფრფინევდიან ავთანდილს გულითა სულ წასრულითა

1001. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თჳთ ორნივე ერთგან დასხდეს ვინმცა ვინ თქვას ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

1002. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალ ახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

1003. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა ჯარისა გათენდა ჰბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა