ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1165. ,,ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა; მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1166. ,,მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა; მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1167. ,,მეფემან ჰბრძანა: ,,მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა,,. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დაჰსვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1168. ,,უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დასჯდა ნადიმად, მზგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქაფად მის მზისა დარისად, სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1169. ,,გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: ,,რა ბედი მიძს ჩემი მკლველი! სადაური სად მოვსულ ვარ, ვის მივხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!,,

1170. ,,კვლავცა იტყვის: ,,ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!,,

1171. ,,ხადუმნი უხმნა, უჰბრძანა: ,,ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცდარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა.

1172. ,,არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მნუკავთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1173. ,,უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა. ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა,,.

1174. ,,შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა გამომიღეთ, გიაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი.

1175. ,,მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა, – ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1176. ,,რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლავ აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1177. ,,რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩასანთქმელი.

1178. ,,მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ჰბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა, შინა ყოლა არ შემომყვა,რად მაწვეო შემანანა.

1179. ,,მიბრძანა: ,,თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა, – მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა,,.

1180. ,,შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედან შევსვი მხიარული, არ მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შესჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, წაჰხდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვთესი.

1181. ,,დღე მიიყარა, ხმა გაჰხდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: ,,თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი.,,

1182. ,,მოჰნახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი; დაჰხედენ დარბაჰზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1183. ,,მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო, საქმე კვლაცი. აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დაჰსვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1184. ,,მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტოს ერთი თასი!