ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

973. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

974. “მან სპათაგან ვერ შეპყრობა სცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

975. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

976. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

977. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახად არ ახლებია, ვა ჰმართებს მისა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

978. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ჰტირს მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

979. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა.

980. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, არ-ოდეს გარდახდების; არას ჰნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვა მე, მისა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების.

981. “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა, მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

982. “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა; დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით აქათ ბრუნვასა.

983. “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნი-ხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა”.

984. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა ჰრწყვენ ტევრთა საგუბარითა.

985. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა მიდისა. ფრიდონ სტირს, მოსთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: “უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა”.

986. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ საქებო,ვერ სათქმელო. ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამთქმელო.

987. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია. თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია”.

988. ფრიდონ სთქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა, სული დაიღეს, დაჰსდუმდესს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა ჰაერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბრუნავს გიშრისა ჭერითა.

989. ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა. შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

990. შევიდეს და დიდი შექნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით სთქვა ქება მათი, ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

991. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა.

992. მას დღე ჰსვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ჰსძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.