ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

1012. “ჰსთქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შეველდით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა”.

1013. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი ას საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1014. ყმამან უთხრა: “ვინცა მჭმუნავს, ცუდია და ცუდად ცდების, რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცდების; მე მივინდობ სისხლთა თქვენსა, შემოვისხამ, დაცაგვწვდების, ვინცა გებრძვის, ხმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვდების”.

1015. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა. სთქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა. აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1016. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჰსჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა; მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1017. ჰკიოდეს მოდიოდეს, იზახდეს ბუკსა ჰკრესა; შეუშინქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, და ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა.

1018. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი, ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, და ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1019. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი. მარტო მნახეთ, ვით შეველბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი, და მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

1020. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხვებრ მკრჩხალითა, მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა: ნავისა თავსა გულითა წადგა შიშთ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხმალითა.

1021. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1022. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა. ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა. დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1023. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა გულსა მისა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა”. არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული :“შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1024. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი. დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი.

1025. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ჰნახა მხიარული, გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1026. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ სთქვეს, ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, სთქვეს: “უფალო, მადლი შენდა. მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1027. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, – მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა: – “შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1028. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსაშემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისცა ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, ჰხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1029. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ, მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი, აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვსთქვენი; ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1030. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს; ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს; მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სჰწბებოდეს; ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1031. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ჰნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს. მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.