ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

1051. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მზგავსი ნაზარდი მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1052. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვივარდი, ბროლ-ბალახში, მინა, სათი, მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხვსა ტოტი, ლომსა თათი.

1053. ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: – “უჭვრიტოთო ამა სრულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავთანდილისა ფატმანისას ფატმანის მიერ მიგებება და სიხარული

1054. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

1055. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი.

1056. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; ჰსვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1057. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”, აჰკიდა, გააწევინა; ჰსთქვა :“ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

1058. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაჰგზავნა

1059. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდათ გიღალატებს, გაჰკვეთეს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1060. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვჰქმნა, რა მერგების”. აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1061. “მიღმა უთხრა, ვაი თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს, თუ არ ვჰსთქვა, რაგვარ გავსძლებ, ცეცხლი არაუფრო გამიხშირდეს; ვჰსთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს, მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს”

1062. დასწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ ცუდათ დასახეველი.

წიგნი ფატმანისა ავთანდილისადმი სამიჯნუროდ მიწერილი

1063. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1064. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ ჰკრთებიან. შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჰსჭკნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1065. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა.

1066. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გგავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტჰკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს”.

1067. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი. სთქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას მისი”.