ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

993. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა ჰსთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა, სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

994. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩანს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მმე სხვამცა მედები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიძს, დია დავეყოვნები.

995. “მართალ არს შენი გამყრელი,თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვამცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გიჰნახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

996. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის. წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობი. მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის.

997. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი ვარდი, ცრემლთა მდენი”.

998. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

999. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შესჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”..

1000. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა. ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა”.

1001. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1002. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე ბალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მჰნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა”.

1003. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონიდამ ნესტან-დარეჯანის საძებრად

1004. ყმა მიმავალი მიუბნობს, მზგავსი მთვარისა სრულისა, არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: “მოგშორდი,სიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა. შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1005. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა. რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა. არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსალებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1006. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლისა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1007. სადაცა ჰნახნის, ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, კითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, – აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს დაყმუნებულნი.

1008. მუნ ქარავანი ურიცხვი მიდგომოდა ზღვის კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, — ქებასა შეასხმიდესა, კითხა თუ: “ვაჭარნო თუ ვინ ხართ” მათ საუბარი ჰკიდესა.

1009. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “მზეო, სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მლხენი, ჩამოჰხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

1010. გარდახდა, ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, – აროდეს გვისვამს მაჭარნი, – ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი.

1011. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვკითხეთ თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე,” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალვარ მე ბარე”.