ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

895. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

896. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაიჰნახა, განაღამცა გაეხარნეს. მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კვლავ ცნობანი ააჩქარნეს.

897. ასმათ სთქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, რა საქებელო სმენითა. დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა”.

898. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა, შენი ბრალი, თვარა და სიკვდილი ჩემი ლხინია.

899. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი, მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლოობა ჰკლავს და წყალი ჰსდის, არ ოდეს არ გახმობილი, და ვაჲ, წარხდა ვარდი ჰპობილი, ვა, მარგალიტი წყობილი”.

900. “ავთანდილსაც მოეგონა მისი მზე და საყვარელი, იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი, შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ძნელი.

901. “ვარდი ამას ვით იაზრებს,მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო. ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო. გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუ-თუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო”.

902. სული დაიღეს, დაჰსდუმდესს, ორთავე ცეცხლი ჰსდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხვისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

903. მწვადი შესწვეს, შეიქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს, სჭამეო, – ძალი არ ჰქონდა ჭამისა – დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

904. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს; მან გაუგონოს, რაცა ჰსთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

905. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანეთსა გაუგონეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

906. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთვრალისა არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

907. “აწ შემიწყალე, ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა, – მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა, – ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სითა.

908. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, – ვისცა გესმის, გაიგონეთ, – მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთ-ხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

909. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა, შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა, ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა, იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა.

910. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით; სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით, თქვენ ერთმანერთი არ მიჰხვდეთ, მე სულნი ამომხადენით.

911. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია, ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია. ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია; რაცა მიწვრთიხარ, იწვართე, გკადრო, უწვრთელი ვირია.

912. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად”.

913. “მან მიჰბრძანა: “მადრიელ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად. შენგან მისა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალვარ და არ მახმურად, აწ შევიქცე, რა უამბო, რად, მოველო ჯაბან ხდლურად”.

914. “მაგ საუბარსა ესე ჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: – მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; – ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი, შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, – ძმა ძმისა უნდა ძმობილი.