ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

934. ვარდი ჭკნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა, იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე, მზეოდა.

935. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთა და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად.

936. “თვე ერთისა მოშორება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს; მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს, წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

937. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა მზეო, გიაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა.

938. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემოჰყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა; მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის სტირსა”.

939. “ჰე მუშთარო, გიაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა მო და უყავ სამართალი, – გაებრჭობის გული გულსა. – ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა, მართალი ვარ, გამიკითხე. რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა.

940. “მოდი მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, როგორ გავსრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.

941. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

942. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე ამბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვით ლერწამსა.

943. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვმჭლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები; მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

944. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

945. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია, მეც ვიცი, ჩემსა ხელ-ქმნილსა თმად ყორნის ბოლო ჰსთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დაჰსთმობ, ლხინი რა დასათმობია.

946. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, მისა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

947. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან. მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა ტარიელს რომ გაეყარა.

948. ყმა მტირალი სამოც-და-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა, შორით ჰნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, კითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისა ხმასა,”

949. მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ მძღვრებითა; ჩვენცა მისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

950. “ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალუძს მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მზგავსი ცით შუქთა ფენისა”.

951. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე”. მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

952. მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ხმალი, აქადამე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი. ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი”.