ვეფხისტყაოსანი, 1920 წ.

876. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა. ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

877. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა, აწ რადგან გისთქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა ჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

878. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრო-მჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი. აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი, პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

879. “თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა”.

880. მან უბრძანა: “რაცა გისთქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად; საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად; რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერდცა რეტად”.

881. დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი, კბილი ვითა მარგალიტნი, ბაგე-ვარდი ნაპობარი. ველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

882. ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა, არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა.

883. “არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების. არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების, მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დასჭკნების. ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების”.

884. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემ-თვის ყოვლად სოფლად ღირდეს, გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს, მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს. შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს.

885. “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების”.

886. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

887. “ამა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხვი შეჰკრბა, ერთად შეიყარნეს; ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

888. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხვი მოვიდეს ერთგან რებულნი, სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხვი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

889. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდა ვეფხვმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს, ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

890. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა,” ხმალ გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

891. “ხმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლის მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

892. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხვი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვღვრიდე

893. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა-დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა. სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, აცასტირდა.

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა

894. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დაჰსჭირდა. ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.