... (H-1128), XIX ს.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

60. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

61. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა

62. ეგე არ მიმძიმს ვეზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითკენცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

63. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი ვარ საწუთროსა თმობითა თუმცა გვანდა მშვილდოსნად ანუ კულავ ბურთობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზარდობითა

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

65. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რას დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად არ ამიკლო ამაზეო

66. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ვფიცავ მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

67. მიწაცა თქუჱნი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მაედანია

68. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

69. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს

70. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

71. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით დაცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახშოსანი პირს ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასულად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოკროდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

74. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსულა ნადირმან ყოვლთ მინდორთა კიდითა

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭრეტამცად სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიჰხოცდეს და მიესროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის მონანი ყე მოართმიდეს მხეცნი მადგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

77. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავს ალვაა ედემს ისხეს

78. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მხნენია