... (A-855), XIX ს.

933. თვე ერთისა მოშორვება, მზისა ზამთრის გაგვამცივნებს მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს ანუ გაასივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თჳს თჳისსა ბუნებასა

934. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გეაჯები, შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყჳან

935. მო ზოჰრაო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყჳან

936. ჰე მუშთარო გეაჯები, შენ მართალსა ბჭესა ღმრთულსა მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლედა ეტლად იტყჳან

937. მოდი მარიხო უწყალოდ, დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე, წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა რაგვარ გასრულვარ შენ იცი, გულია აღარს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად ეტყჳან

938. მოდი ასპიროზ მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე, მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა, დაშვენებითა მაგითა ვისმე გლახ ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

939. ოთარიდო შენგან კიდე, არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა, ტანსაწვრილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყჳან

940. მო მთვარეო შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები

941. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი, და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა, ცეცხლი უშენოდ მდებიან

942. აწ გულსა ეტყვის ვითამცა, გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკლვა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია

943. თუ დავრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა, ბულბულისა ჰგვანდის ბუსა

944. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან, წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაჰკვირდიან, რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

945. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი კლდით ნადირნი წყალ შიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ჰინდო არაბ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბულნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი, და მისრეთით მეგვიპტელნი