... (A-855), XIX ს.

914. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე ცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

915. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი

916. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს არ მომისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს

917. არ დაიჯერო მაშინ სცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მომხვდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა

918. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს, გული კვლაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა უმატა ჭირსა ჭირი

919. ლექსთა მკითხველო თქვენიმცა, თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა, გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია

920. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ, თვალთაგან ცრემლნი დალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს

921. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგწვნა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვა სიცოცხლისა თმენანი

922. მათ ყმათა მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლა ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფნა, იტირეს იმგლოვიარეს

923. ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმადფიცისა შენისა

924. ტარიელ სიტყვით ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზისასა მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა თუ ნახე ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა

925. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეჰფეროდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

926. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალი, ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს

927. გაიყარნეს ტირილით, პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა მულღაზანზარს რომ შეეყარა

928. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრა ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა

929. ავთანდილ მისი გაყრილი, ტირს მისწვდომია ხმა ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა, კვლაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის

930. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს, სისხლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა კვლა თინათინის გონება, ავსებს უფრორე ჭირითა ბაგეთათ ვარდსა ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა

931. ვარდი ჭნებოდა ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე მზეო და

932. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი, თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთა და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცთარად მაგრა ჩემი რად დააგდე, გული ცივად გაუმთბარად