... (A-855), XIX ს.

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნუროდ მიწერილი

1062. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან, მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქნა მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩს დასაქადებლად

1063. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა, შუქნი არ მომესწრებიან

1064. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა

1065. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მომივიდოდეს ვცნობდე გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1066. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი

1067. თქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყველაი, მოკლე და მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია

1068. ესე გვარი საზრახავი, დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე, ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა

1069. ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყვე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა

1070. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივჰყვე განღა სადმე, ვსცნობ საქმესა დამალულსა

1071. კვლა იტყვის ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისა ფატმანის ფასუხად მიწერილი

1072. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება შენ მომასწარ თვარა შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყვედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება

1073. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს მოდი ღამე

1074. მას ღამითვე საწვეველი, რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა, თქვა თუ ჰგავსო ეგე რასა

1075. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა, ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა შე ვითა ვერ დაიჩინა შიშითა, და მისითავე თნევითა

1076. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოჰყვა, მონა ხრმალ დარაკიანი დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი

1077. ფატმან რა ნახა შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭვრიტა, მათსა ლაღობა წოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა

1078. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა, კბილითა დამაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად

1079. ესე თქვა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთათ შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა, მომადეგით მომაკარნი