... (A-855), XIX ს.

1024. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა

1025. ავთანდილის მაქებელად, ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა, თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა

1026. მოეგებნეს აკოცებდეს, თავსა პირსა ფერხთა ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1027. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა, შემოქმედსა არსთა მხადსა ვისცა ძალნი ზეციერნი, განაგებენ აქა ქნადსა იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა

1028. ღმერთმან სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა, მიმიღია ვითა ძღვენი

1029. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთაგან ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს

1030. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს

1031. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვ იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა

1032. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო, წეღანცა მოგისმენია ღმერთსა შეესმა ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია

1033. მე თუმცა რამცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარსაგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად მინდა, ოდენ ვარ თანამხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი

1034. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშიგა, თავისა დასამალავი

1035. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით, არ თქვენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქო, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა

1036. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია

1037. მუნით წავიდეს იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღჳს პირს რომ გავიდა

1038. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა ნახეს მოცული ქალაქი, გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე, რა გაგაგონო ენითა

1039. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცვნა დაჯდა სკამითა მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავსა მალავს ამითა

1040. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით, პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა, კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან, მეფესა აქა მჯდომელსა

1041. წვრილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მე მეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების

1042. ესეა ზღვათა სამეფო, თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი, ნავითა ზღვაზღვა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა