ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

892. “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მორჭმული, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი, მას უორგულე, წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი; მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი?

893. “ესე ყუელაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ მაშვრალი და მტირალი ქუე ვზი პირითა მქისითა.

894. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მამცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყუა გავაადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკუდილი მოვიადრო, თუარა ბედი ეზომ თურე მიკუეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!"

895. ამის მეტი აღარა თქუა, ატირდა და წამოვიდა, ქუაბი ჩავლო, წყალსა გაჴდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზურვიდა; “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

896. იტყუის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყუარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წასაწყმედსა, მოვჰკუდე, თავი არ მეწყალვის, სისხლნი ჩემნი ჩემსა ქედსა!

897. “მოყუარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხუა მოყუარე თუალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

898. კულა იტყუის: “მიკუირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ ტანისა”.

899. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქუეველი, ეძებს, უძახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ მდღემდის მოვლო მრავალი ჴევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერა ამბისა მცნეველი.

900. იტყუის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ ბედსა ჩემსა? რა სასჯელი მამივლინე! გამკითხუელო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მამილხინე!”

პოვნა ავთანდილისგან დაბნედილი ტარიელისა

901. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი; ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი; თქუა: “უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი”.

902. რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათლდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა; ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭურეტად მათდა.

903. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკუდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

904. ერთ კეძ უც ლომი მოკლული და ჴრმალი სისხლ მოცხებული, კულა სხუაგან ვეფხი უსულო, მკუდარი, ქუე დანარცხებული; მას წყაროსაებრ თუალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული. მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

905. თუალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჴდოდა ცნობასა, მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელ დებით უყივის, ლამის სიტყუათა კრთობასა, ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

906. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თუალთა ავლებდა სახელსა, ახლოს უზის და უყივის მართ სახელდებით სახელსა; ეტყუის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთჳს გაჭრილსა და ხელსა?” მას არა დია შეესმის რეტსა, თუალ დაუფახელსა.

907. ესე ყუელაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თუალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა. ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!

908. უთხრა: “ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე, გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე; აწ დამეჴსენ, სიკუდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე. მაგრა გვედრებ დამარხვასა, მჴეცთა საჭმლად არ მიმცე”.

909. ყმამან უთხრა: “რას შიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა? ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის საჴმილი არა სწვავსა? ვის უქნია შენი მგზავსი სხუათა კაცთა ნათესავსა? რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

910. “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ჴამს მამაცი მამაცური, - სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქუიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.