ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

970. “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსსა აქავ ქუაბსა მამნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა მცა ძაღლი ჰყეფსა.

971. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქუაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვჰკუდი კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთჳს ცრემლსა ღურიდე, მაშინ გწადდეს , იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე.

972. “აწ რაცა გკადრე, ამისთჳს ნუთუ შენ იყო მჭმუნავი. მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

973. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყუა გამიმეტდეს, არ მამისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; თუ არ მოგყუეს საყუარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

974. “არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთჳს სწორია ყველაი, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქუამს, მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მამხუდეს, რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

975. საუბარი გარდასწყუიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თჳთო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კულაცა ანატირი, ხვალ გაყრის გონებამან სხუა უმატა ჭირსა ჭირი.

976. ლექსთა მკითხველო, თქუენიმცა თუალი ცრემლისა მღურელია! გულმან, გლახ, რა ქნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყურისა გაყრა კაცისა მკულელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

977. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თუალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მჴეც ქმნილთა, თავნი მჴეცთავე ალამნეს.

978. ქუაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოსთქუამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთმენ ენანი! მზემან დაგუწუნა და დაგუდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაჲ სიცოცხლისა თმენანი!”

979. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთად იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამე, კულა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.

980. ტარიელს ეტყუის ავთანდილ: “რუ გაჴმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა.”

981. ტარიელ სიტყუით ასწავლის მჴარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლითკე წადიო, იარე პირსა ზღვისასა, თუ ნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

982. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწუნეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხუსა, ზოგჯერ ძვირსა.

983. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს; თუალთა, ვითა წყაროს თუალი, ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

984. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოთ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახეს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისგან ფრიდონისასა

985. ვაჲ, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გუაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყუან სადაურსა, სად აღუფხური სადით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

986. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ჴმა მისწუდების ცათამდის, იტყუის, თუ: “ღვარი სისხლისა კულაცა მდენია, კულაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის. კაცი არ ყუელა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

987. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა: ვერ დაივსებდა საჴმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კულა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთა ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

988. ვარდი ჭკნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟუარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთჳს არ უმჴნეოდა; იტყუის, თუ: “ბნელი რას მიკუირს, რადგან დაგაგდე, მზეო, და!”