ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

777. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად; ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი, ჩემთჳს არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად; თქუი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!”

778. ვაზირმან თქუა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების, ვეღარ უჭურეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაჰქარდების! ზოგჯერც თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყუი, მოვკუდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქუენ მოგხუდების!”

779. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დახუდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოჴსენება ვერ შემართა, დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.

780. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხველ შეჭირვებული?” მან ჰკადრა: “არა, არ ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მამკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

781. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არც მეტობს და არცა დიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერა რიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთჳს ფლიდობს”.

782. რაცა იცოდა, ყუელაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კულა მოაჴსენა: “რამცა სცან სიტყუითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთჳს იანაზდენითა”.

783. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რასთჳს, შმაგო, მაგას სხუამცა ვინ მითხრობდა? ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

784. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად! მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად, ღადრად? შმაგო, ენა ვით იჴმარე აწ მაგისა ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხუად რად!

785. “ჴამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს, ოდენ სიტყუა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!”

786. კულა უბრძანა: “თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკუეთ, არა უნდა ამას ცილი! წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყუა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, შენგან ქნილი!”

787. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცდუნნა, მაგრა მისთჳს აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასვლა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

788. ვაზირმან, გლახ, გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინებს; გამოძურწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს; შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

789. თქუა: ”ცოდვათა ჩემთა მგზავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა სხუა რა კადნიერად პატრონსა რა მოაჴსენოს, ჩემნი დღენი მასცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს!”

790. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა; “მადლი რა გკადრო, აწ თქუენგან, გავხასდი მე მაშა ვითა, ვაჲ, კარგი თავი უებრო დავჰკარგე, დავაშავითა!”

791. “ვით გამჴადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა: რა სიავე, რა სირეგუნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თჳთ კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკუირს, რად არ მამკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

792. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! შენთჳს სიკუდილი ლხინად მჩანს, ჭირი არ გამცუდებია “

793. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: მიკუირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! ვინ არ მისცეს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

794. ყმამან უთხრა: “ შენი წყრომა მემცა განა დამიმძიმდა, მაგრა ქრთამი რადღა გმართებს”– გაიცინნა, გაცაღიმდა; “შენ ადამი გაგიმეშდა , ართუ მეში გაადიმდა; რა აქიმი დასნეულდეს, მისთჳს ვინღა გააქიმდა.“

795. მოაჴსენა კულა ვაზირმან: “ მე რა გინდა წამეკიდოს, მოიწყრომებს, შეცამინდობს ნუთუ გული გაიწმინდოს; შენ რასა იქ, ესე მოთხარ, ემი ჭმუნვა გაიდიდოს, ჴამსცა კაცმან სასიკუდილოდ თავი არა არ დარიდოს“

796. ყმამან უთხრა: ”აღარ-წასვლა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს. ჴამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთჳს თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოოს, რა ქნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!