ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1624. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყუნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდის ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1625. ტარიელ ცნა, ამა ყმისა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა: “გული, შენი, გაღანამცა მამემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირნი შენი გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები ლხინი ჩემი საწუთრომან დამიშურვა."

1626. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, შენთჳს ასრე მამსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1627. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფა ჯუბაჩები, კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჯამები: “ჩემმაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქუა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1628. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, წამღებელსა ვერა თქუას, თუ “ცუდად ვზიდე”, ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეხედვიდე.

1629. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ჰინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყჳს: “მამკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1630. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1631. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მისთანა ტახატსა დავეჯდა, ალხინა მჭურეტთა ლხენამან, გააჴელმწიფა გჳრგჳნი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1632. მათ სამთავე ჴელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ჴრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1633. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ ქურივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

ვინმე მესხის მიერ დაწერილი გაგრძელების დასასრული

1634. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად დამისა.

1635. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამამაგრებლად.

1636. დავითის ქნარი ვითა ჰვთქუნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი უცხოთა ჴელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი ვპოვე და ლექსად გარდავთქუენ ამითა ვილაყფეთანი.

1637. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1638. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა.