ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

1008. იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქუამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა სწუიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

1009. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან, მოვიდოდიან საჭურეტლად, მას ზედან ტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყულაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

1010. მულღაზანზარს მიიახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მჴეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

1011. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა:” ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

1012. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქუამცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა; ნახოს , მჭურეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

1013. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გამოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, გარდაჴდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

1014. იგი რა ნახეს, მესროლთა სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვევოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: –“ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

1015. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მაზედან დგებოდა; ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუებოდა. ფრიდონს უკუირდა: “რა ქნესო”, მისთა სპათათჳს წყრებოდა.

1016. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქნეს, ალყა რად მოშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თუალნი გაურეტდეს, დაავიწყდა სიტყუის თქმანი.

1017. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია ჩემად მოამბედ რებული. უთხრა:” ჰრქუი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქუენს წინა მომგზავრებული”.

1018. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

1019. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირნი უსუბუქდა, თუალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

1020. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, ესე თქუა: “თუ არ მზეო, ისი ვინ -ა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუჴდეს, ლხინმან ცრემლი აფრქუევევინა.

1021. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხუდებიან; მზე უჩინო იქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

1022. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრვასა; ავთანდილის ჭურეტად სპანი იქით აქათ იქმენ ჯრასა, თქუეს: “ასეთი ჴორიცელი შეუქნია, ნეტარ, რასა?”

1023. ყმა ფრიდონს ეტყუის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბვისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა; ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყუი ძმობასა, იგი ძმად მიჴმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

1024. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიჴმობენ ავთანდილობით, მე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

1025. “დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობად გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღურიდა, ველთა რწყუიდა, გაგუიკუირდა, გუეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩუენ გუეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა.

1026. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა; მან უჭირველად დაჴოცა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგთა მჴარ თეძო დალეწა და ზოგთა სული ჰჴდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთუარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

1027. “მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თჳთ შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ჴრმალთა, ცხენსა მისცნა სადავენი, დაგუეკარგა წინა თუალთა.