ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

853. რა ვაზირი არ შევიდა, კულა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვა შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქუა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

854. თავ დადრეკით იგონებდა, ჭმუნვა ჰქონდა გულსა დიდი, უში ქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

855. კულა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთუარულად?” მან მოაჴსენა ყოველი, ვით წარსულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩუეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

856. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: “ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, “სად წაჰხე და სად დაჰკარგე სინათლისა ეგე სვეტნი?!

857. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე; გულსა, გლახ, ვისთჳს ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყუის ენები!

858. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭურეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ სრულსა. ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა, აწ უშენოდ რა, გლახ, რა უყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

859. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი,ჩემო რაზომცა ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კულა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვჰკუდე, გაზრდილო, ვისგან ღა დავიტირები?”

860. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ჴელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყუელაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა; თქუეს: “ბნელი გუმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგუიდრკა ცისა!”

861. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულ თქმით შემოსტირნა, უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩუენმან შუქნი სრულად დაგუიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგუყარნა, რად გაგუწირნა? სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგუიჭირნა?”

862. ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დადუმდეს გუიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

863. მოაჴსენა: “საწოლს ვჰპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი. მე თუ მამკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

864. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, ნუთუ ღმერთმან მშვიდობისა მისცეს გზანი!”

წასვლა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

865. მთუარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გააჴმობს და ფერსა აკლებს, ჩუენ ვერ ჭურეტა საყუარლისა ჭირსა ძუელსა გაგუიახლებს.

866. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულ მდუღარედ, ვერ ვიტყუი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ დაბრუნდის, იაჯდის მისთჳს მზისავე მზობასა, უჭურეტდის, თუალი ვერ მოჴსნის, თუ მოჴსნის, მიჴდის ცნობასა.

867. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ჴელყუის გაძრუად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თუალთაგან, მგზავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

868. თქუა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თუალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს. სჯობს, საყუარელსა მოყუარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

869. მე რა ვქნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭუდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ მე, თუ - მცა შენგან არ ვეჭუდი წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცოხლისა სმენასა, “მოდი და მივსცეთ ცოცხალმან თუალნი ცრემლისა დენასა!”

870. ტირს, იტყუის: “დადვა კეშნი ლახუარმან ჩემთჳს ათმანო; ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქუა, ესე ტევრი ვთხზათ მანო. თუალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მამკლა, სათმანო! ბაგე -კბილო და თუალ წარბო, მამცემდი პატიჟთა, თმანო!”

871. იტყუის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქუის მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!