ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

950. იტირეს და გაემართნეს, ქუაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისთა კლდენი ღარნეს, აკოცეს და აცატირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს.

951. ასმათ თქუა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგუავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ ითქმის კაცთა ენითა დიდება შენდა, არ მამკალ ამათთჳს ცრემლთა დენითა!”

952. ტარიელ ეტყუის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწუთრო ნაცვლად გუატირებს, რაც ოდენ გაგუიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაჲ შენი ბრალი დავ, თუარა სიკუდილი ჩემი ლხინია!

953. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღურის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თუალთა ჩემთა მით მიკუირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გაჴმობილი. ვაჲ წაჴდა ვარდი პობილი, ვაჲ, მარგალიტი წყობილი!”

954. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყუარელი; იტყუის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთჳს სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!

955. “ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავსჭკნეო, ანუ ჩუენ, გლახ, რა გუერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხუდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

956. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყუა, შევიდა, მათებრ საჴმილი ჰგებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კულა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა.

957. მწვადი შეიწვეს, შეიქნა პურობა მგზავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, დასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

958. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქუას, არ ცუდად წაუჴდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუჴდებოდეს.

959. მას ღამესა ერთგან იყუნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კულა დაიწყეს საუბარნი სიტყუა ხშირნი; ერთმანერთსა გაუგონეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

960. ტარიელ ეტყუის: “რად უნდა სიტყუისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთჳს გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთურალისა, არ დაივიწყე, მოყურობა მოყურისა წარმავალისა.

961. “აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კულა წვითა უცხელესითა; მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კუესითა. ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა. წადი, მიბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სითა.

962. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად; რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად, აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია, მით ვარ ხელად”.

963. ავთანდილ ეტყუის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა!” შენვე თქუი, ეგე სიტყუაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კულა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

964. “ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქნა ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭურიტეთ, გაიცადენით, თქუენ ერთმანერთი არ მოგხუდეთ, მე სულნი ამომჴადენით!

965. “ნეტარ, მამაცი სხუა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასცა მიწურთიხარ, იწუართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

966. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქუენს წინაშე წამოსავლად, მოვაჴსენე: “რადგან ჩემი შეუქნია გული ავლად, არას ვარგებ, არ დავდგები, სხუა ვიუბნო რაღა მრავლად?”

967. “მან მიბრძანა: “მადრიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთურალულად არ-მახმურად, აწ შევიქცე რა უამბო, – “რად მოველო ჯაბან ჴრდლურად?”

968. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერ შიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

969. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოჰკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.