ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

797. “უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

798. “მოვაჴსენებ ერთხელ კულაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვჰკუდე, ჩემი კერძი სოფელიცა გაჰქარდების!”.

799. მოიუბნეს. ვაზირმან ქნა ჭამა სმანი მათნი ფერნი, უმასპინძლა, ძღვენი უძღუნა შვენიერსა შვენიერნი, მისნი მყოლნი აღაავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

800. შეკრა წითელი ასი ათასი პირმზემან ტანად სარომან, სამასი სტავრა ატლასი უხვმან და მიუმცთარომან, სამოცი ლალ იაგუნდი ფერად არ მათმან საურმან. კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყუელაი მისთჳს არო მან.

801. შესთუალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდსაჴდელად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთჳს მოვკუდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყუარული სიყუარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

802. მე ვითა ვთქუა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყუისი; ასრე მართებს მოჴმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თჳსი.

ავთანდილისგან შერმადინის საუბარი ოდეს გაიპარა

803. შერმადინს ეტყუის, უბრძანებს პირმზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ჴამს მკითხველი და მსმენელი.

804. იტყუის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყუა მამისმინა; მან არ იცის, რათა, ვინა და სულდგმული ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნურცა გარე, ნურცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?”

805. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულ თქუამს, ვაებს, უშობს, ლხინსა არას არ იახლებს, კრთების, კუშტობს, ვახშობს, ქუშობს.

806. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს; ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს, ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების, კუშტობს , ვახშობს, უშობს

807. “სამი არის მოყურისაგან მოყურობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოჴმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

808. მან გამისრულა ყოველი ესე წესი და რიგები; აწ ჩემგან ჰმართებს მუქაფა, გულომცა ჭირსა შიგ ები; თუ ვერას ვარგო, მათთანა მეცა წასადმე ვიგები. ხარ რაზომ ფერი, სოფელო, არვისგან არ შეიგები

809. “რადღა ვაგრძელებ სიტყუასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირემ დრო გქონდეს ხლებისა; შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

810. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კულა გავლენა გააკულადე.

811. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათჳს კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კუდების! შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიჴდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წაჴდების”.

812. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თუალთა სდინდი; მოაჴსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი! მაგრა რა ვქჰნა, უშენოსა, დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეჴმარვი , რადაც გინდი.

813. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი, ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი?” ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

814. “შენგან ჩემი სიყუარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოჰჴდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერათ ვერა!

815. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვჴამ ხელი მინდორთა მარებლად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებლად? გაჭრა ჴელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კულა შეჯერებად.