ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

931. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

932. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რადგან გითქუამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა: სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამჴრის არ ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

933. “სამჴრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყუიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი! პირველ, გლახ, მისი ნაჭურეტი, თჳთ მერმე შენი დობილი,

934. “თქუენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნაჴმობი დობისა, თქუენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქმნილი ჴმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთჳს მიჴდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ნახავ? შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

935. მან უბრძანა: “რაცა გითქუამს, უმართლე ხარ მეტის მეტად: საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად ჭურეტად; მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად, რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

936. დამორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამილბარი. ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი: კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი. გველსა ჴურელით ამოიყუანს ენა ტკბილად მოუბარი.

937. ამას ეტყუის: “შენთჳს დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა: არ იჴმარებ, რას ჴელსა ჰჴდი საუნჯესა დაფარულსა?

938. “არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკუდების. მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების. ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხუდების”.

939. მოაჴსენა: “ეგე სწავლა ჩემთჳს ყოვლად სოფლად ღირდეს, გონიერთა მწურთელი უყუარს, უგუნურსა გულსა გმირდეს, მაგრა რა ვქნა, რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკუირდეს?

940. “ცვილსა ცეცხლის სიმჴურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; რაცა ვის რა საქმე თჳთ სჭირს, სხვათათჳსცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა

941. “რა წამეკიდა, ყუელაი წურილად გიამბო ენითა, მერმე ღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქუაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მამინდა ცხენითა.

942. “იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მამეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, გვანდეს რათმე მოყუარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყუეს ერთმანერთსა, გამიკუირდეს, შემეზარნეს.

943. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თჳთო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკუდილსა არ დარიდნეს, გამორიდნა ვეფხმან გული, დედათამცა განარიდნეს! ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

944. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქუი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყუარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!” ჴრმალ გამოწუდილი გაუჴე, მივეც ლახუართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მოცავჰკალ, დავჴსენ სოფლისა თმობასა.

945. ჴრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ჴელითა; მის გამო კოცნა მამინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭყალითა სისხლთა მღურელითა, ვეღარ გაუძელ, იგიცა მოვჰკალ გულითა ხელითა.

946. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყუიდე; მამეგონა, ოდეს ჩემსა საყუარელსა წავეკიდე; სულნი სრულად არ ამომჴდეს, რას გიკუირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!

947. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკუირდა? სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძვირდეს”. ესე სიტყუა დაასრულა, ყმამან სულ თქნა, აცატირდა.

948. ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დასთმე, ნუ მოჰკუდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და ! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუმცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

949. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს; მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგუიახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.