ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

738. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად; იტყუის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკუირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

739. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა რგმით, მორწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახუარსა მიმცა, დანასა მახია, აწ გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დაამახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

740. ამას მოსთქუამს, ცრემლსა აფრქუევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ ამოსკუნით, ოხვრა სულ თქუმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს. საყუარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

741. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყუარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების. ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

742. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს; გულსა იდებს, იტყუის: “ კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს; ლხინმან სძლიოს, გაძლება ჴამს, წირი სთმოს და ჟამთა მონოს. ვით ქონება არ იმადლოს, მას სხუა ღმერთმან რა აქონოს!“

743. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი, გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თჳთ ვერას ვერ გამზომელი, ვერცა პატრონობს სიკუდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

744. რა გულსა უთხრნა გულისა სიტყუანი საგულისონი, მან მარგალიტი მოიხუნა მის მზისა სამეყუისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყუისონი, პირი დადვა დაცაბნდა ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

745. რა გათენდა, კაცი მივა მამკითხავი, დარბაზს მჴმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭურეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზა დაბდაბ ნობი.

746. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყუა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა სრბოლა მიდამოდა; მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

747. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახუდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ჴმას სცემდეს ჩანგ ჩაღანასა, მომღერალნი იყუნეს სრულნი!

748. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელოდ ჴსენება არვისგან იკადრებოდა.

749. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰრიდა? მართალ ა, თუ საუბარსა აძვირებსა, ძვირად ღირდა, სმა გარდაჴდა გაიყარნეს, ყმა წავიდა , მიცასჭირდა, ვეღარ გასძლო, გულ მისი აუჩუქდა, აუტირდა.

750. თქუა: ამა ჟამსა წუხელის მე დილა გამთენებოდა; მუნ ვიყავ, სადა სამყაროს ღაწუთაგან ელვა ჰკრთებოდა; აწ სიშორისა მომლოდე გულიმცა მისთჳს კუდებოდა, მზემან რა მისცა სინათლე, თუ მთუარე გაეყრებოდა?“

751. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყუარული უარებდის თუალთა წინა. ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ”რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუთმინა!

752. წევს, იტყუის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭურეტელთა ნიშატო, ვერ მჭურეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

753. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კულა გულსა ეტყუის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? თუ ლხინი გუინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

754. კულა იტყუის: “გულო, რაზომცა გაქუს სიკუდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთჳს თავისა დადება, მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კულა დება: ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი

755. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყუის: “ღმერთო, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, დაცავფარე!” დათმობასა ეაჯების გულსა: “შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთუარე.

756. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!” მიეგება, თაყუანი სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული. ჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.