ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

821. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

822. “მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

823. მოიუბნეს; ვაზირმან ჰქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი აღვეავსნა, მოყმენი ჰყვეს ანუ ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

824. შეკრა წითელი ასი ათასი პირ-მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან და მიუმცდარომან, სამოცი ლალ-იაგუნდი ფერად არ საუარო მან. კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

825. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

826. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, ჰგავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

827. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

828. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რად ვინა და სულდგმულია ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნურცა გარე, ნურცა შინა. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

829. “თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს; ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს, ლხინსა არა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.

830. ოდეს ბრძენთა გავიგონოს გონებითა მთით და გორით. მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით; ერთგან ვთქვენით, გაუყრელად, მათი არა გავაორით, მოყვარესა მოყვრისაგან მოგონება უნდა შორით.

831. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

832. მან გამისრულა ყველაი ესე წესი და რიგები; აწ ჩემგან მართებს მუქაფა, გულომცა ჭირსა შეები; თუ ვერას ვარგებ, მისთანა მეცა წასადმევეგები. რაზომ ფერი ხარ, სოფელო, არვისგან არ შეიგები.

833. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

834. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე.

835. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

836. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

837. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!” ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.

838. “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხვდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

839. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად!