ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

703. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს, რადგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

704. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან,– ვარ სიკვდილისა მქენები”.

705. აწ ათია წელიწადი, ინდოეთით რა წასრულა, მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა; აჰა, მიკვირს, ალმასისა, გული გასძლებს ამას რულა! ყმამან პირსა ხელი იკრა, რა ამბავნი დაასრულა.

706. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე, წა, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

707. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

708. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის კვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

709. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასიცა შემტყვებარი; მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

710. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

711. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო!

712. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, ღმერთსა უნდეს, ვისთვის კვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

713. მან მიუგო: ”უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი; რაგვარადმცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი! ღმერთმან ჰქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

714. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს და არცა ითხოს, თუ გიტყუვო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! შენმან-ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

715. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

716. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა; ტარიელს თუ ვით ეწყინა, – რა ჰქმნას, – ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

717. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა; მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა; ადრე მოსლვასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა; მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

718. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა; აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა, შეიგენით, მივცემივრ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ ოპოვნა და წავიდა

719. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აპობს, ხელი მისი განამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი განამლოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

720. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა მართებს, აგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს: “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

721. გაეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა; ესე თქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!”