ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

896. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

897. ამას მოთსქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა იამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

898. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა! მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”

899. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

900. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”

901. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ-გვარსა! ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა. ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

902. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით იამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების, კაცი კაცსა მოელოდეს, – მოსლვა დია ეამების.

903. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?” ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

904. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა, იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა! ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა?!

905. თუ უმისოდ სოფელს ყოფა რადგან ჩირად არ მიღირდა, რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა? მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაჰპირდა? მაგრა ჩემი ბედისაგან ავი რამცა გამიკვირდა”.

906. კვლა ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა? იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

907. “გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედან ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან; შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

908. შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა; ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.

909. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია: თუ არა კაცთა, სასჯელი ქვათაცა შენაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია, თვით რაცა ბრძანოთ, მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

910. “მას წამავალსა ვკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ჰქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა”. მიბრძანა: “მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა. ამათ არ დავყრი, არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა”.

911. “მას ზენარსა არ გავუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, მას პაემნამდის მოვუცდი, რაზომმცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები”.

912. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულთქმისა ზედა-ზედისა, დავვიწყებივარ სიკვდილსა; ნახეთ ნაქმარი ბედისა!

913. “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; თუღა მონახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.

914. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრა გაბრჭევ, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

915. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ჰბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა, გულნი მათნი შევაურვენ.