ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

859. ღმერთსა შემვედრებენ მრავალი გლახაკნი გულმხურვალები; დამხსნას ხორცთა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები; კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები; მომცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები.

860. დამხსნას ბნელი და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა; მუნ დამაუნჯოს წამალი, სადა ძეს სულთა ლხენისა; ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა, ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

861. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად, ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად! შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

862. ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

863. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინი ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

864. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

865. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა მიზგითად და გაპარვა მისი

866. ყმა შეეკაზმა წასავლად, ცრემლითა მოერწყო ველი, მზე წავიდოდა, დაეცა არაბეთს ბინდი ყოველი; ხამს შეპოვნება მაღლისა, ვინცა არს ჭირთა მპოველი; მიზგითას მივა ღმრთისაგან გამარჯვებისა მთხოველი;

867. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

868. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ-ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ აღმოფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

869. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

870. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა. პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

871. მოსთქვამს და იტყვის: “ვა მზეო, შენი ადგილი ჩრდილდები; შენ მოგეშორე დაღამდა ჩემთვის აღარა დილდების; მე მანდით მესვრის ისარი, ერთიცა არ ამცილდების, გამყარე ლხინსა სოფელმან, აწ თვალთა ცრემლი მილდების.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

872. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

873. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

874. თუღა გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე! მართლად უთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.

875. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი! კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

876. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ ჰპოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.