ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

722. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

723. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

724. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”

725. მან ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

726. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

727. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

728. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი, შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

729. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

730. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

731. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანი სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

732. მას ავთანდილ თაყვანი სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა, სახლ-სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა.

733. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

734. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

735. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ-ჰქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა გფლახ მყოფი, ახ ის ა!”

736. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

737. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თანა ნახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უც სტავრა-ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

738. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, იამათ უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა; “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

739. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა; მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა. კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა. მისვლა ებრძანა. იამა, თქმა არ ეგების ენითა.

740. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი, მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

741. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი!