ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

877. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

878. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

879. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

880. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი, მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი? “სად წახვე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

881. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

882. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა,– სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რა გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

883. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

884. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა მტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

885. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა? სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცა-ღა ვით დაგვიჭირნა?”

886. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

887. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

888. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს გზანი!”

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის მეორეთ გაპარვით და ტარიელის შეყრა

889. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

890. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა.

891. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის გაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დილჯისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად?!

892. თქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

893. “მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას მეჭვდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

894. ტირს, იტყვის: “დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის ათმანო; ინდოთა რაზმი ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზათ თმანო. თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა, სათმანო, ბაგე, კბილო და თვალ-წარბო, მომცემდით პატიჟთა, თმანო!”

895. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!