ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

762. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

763. “ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

764. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

765. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

766. საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს ვარდი კონოს; გულსა იდებს, იტყვის: “კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს; ლხინმან სძლიოს, გაძლება ხამს, ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს. ვით ქონება არ იმადლოს, მას სხვა ღმერთმან რა აქონოს!“

767. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

768. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.

769. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

770. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა! ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა – მიდამოდა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

771. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა,– მომღერალნი იყვნეს რულნი!

772. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

773. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰრიდა; მართალ ა, თუ საუბარსა აძვირებსა, ძვირად ღირდა, სმა გარდახდა გაიყარნეს, ყმა გავიდა, მიცასჭირდა,– ვეღარ გასძლო, გულ მისი აუჩუქდა, აუტირდა.

774. თქვა:” ამა ჟამსა წუხელის მე დილა გამთენებოდა; მუნ ვიყავ, სადა სამყაროს ღაწვთაგან ელვა კრთებოდა; აწ სიშორისა მომლოდე გულიმცა მისთვის კვდებოდა, მზემან რა მისცა სინათლე, თუ მთვარე გაეყრებოდა?“

775. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

776. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ -მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

777. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

778. კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი და ხვეწნა

779. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

780. ვაზირმან ცნა, გაეგება: –“ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული: ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.