ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

742. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: “ჰპოვეო, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

743. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

744. “მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი ნები; იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

745. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

746. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

747. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, “ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”

748. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მას სანთლებისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

749. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

750. “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

751. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

752. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების, რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

753. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ხამს, მართ უვიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი, ცისა?”

754. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გიახლო, ერთხლ ვა და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

755. “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით-ღა ჩანს ნასამალი; ფარვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

756. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.

757. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ჰქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

758. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს: ვაი, მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს, ახიოს!

759. ყმა მხიარული, წყლიანი დაიჩენს არ სიმძიმილსა; მისნი კბილნი და ბაგენი დაიშვენებდეს ღიმილსა; რა მოიშორო მოყვარე, დასდებდა თვალთაგან მილსა; მუნით ადენდა წყაროსა, სოფლისა დასაწვიმილსა.

760. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”

761. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.