ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

935. “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთვის კვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

936. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან? ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

937. “ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?” მან თქვა: “ტკბილსა მწარით ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად; ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად”.

938. “რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო. მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც ა საქმე საეშმაკო, რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!

939. “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.

940. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა, რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა! აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

941. “ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით; მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

942. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს? მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ-კერძ იროს, მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს, ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს!

943. “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსა-ღა დავყოფ მცირასა: არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა! დამშლიან ჩემნი კავშირნი, შერთვიან სულთა სირასა.

944. “რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.

945. “ბრძენი! ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”.

946. კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: “თუ მოკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა? ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!” ვერ წაიყვანა, ვერა ჰქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

947. მერმე უთხრა: “აჰა, რადგან არ მომისმენ არას არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოჰკვე, ვარდი დაჭნეს, დაცამჭნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ! “– ცრემლი ამდუღარა.

948. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

949. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი”.

950. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა, –იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. დაიმორჩილა, იამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

951. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

952. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა; მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

953. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, გაანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

954. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული,– ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”.