ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

776. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

777. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

778. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუ თუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

779. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრ კაცისა!”

780. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა, სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”

781. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

782. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

783. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცეს გზანი!”

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

784. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

785. აწღა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

786. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის გაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

787. თქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

788. “მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

789. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

790. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

791. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

792. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა! მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”

793. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მას თანა-რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლა გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

794. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ მზე, გულ-მარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”