ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

661. “შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ხამს, მართ უვიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი-ცისა?”

662. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვა და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

663. “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითგან ჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

664. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.

665. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

666. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს: ვაი მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს, ახი, ოს!

667. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა შესამეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”

668. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

669. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

670. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დაამახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

671. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

672. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით ყვავილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

673. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

674. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირი დადვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ფისონი.

675. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

676. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

677. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

678. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ღირსნი ახლოს სხდეს, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

679. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

680. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ – მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”