ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

834. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა, რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა! აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

835. “ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით; მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

836. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს, ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს.

837. “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა: არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა? დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.

838. “რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მირწყად მიწა და ლამი სად.

839. “ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა”.

840. კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: “თუ მოჰკვდე, რას არგებ სიკვდილით შეუფერითა? ნუ იქმ, საქმნელად არა ხამს, ნუ ხარ თავისა მტერითა”. ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა, ვერითა.

841. მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ”, – ცრემლი ამდუღარა.

842. “სადა ჰინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

843. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!”.

844. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა; დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

845. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

846. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის სძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის – ფერთა; მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, და თმობავე შეაერთა.

847. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

848. შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”.

849. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

850. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

851. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, – ნახე მათალი ბრჭობილი, – პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

852. “თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”

853. ტარიელ თქვა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად; საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად, მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად; რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.