ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

681. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

682. კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრამ დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა, ვაზირის საუბარი

683. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს და-მცა-ვფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

684. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული: ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

685. ყრმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ზენა ბუქმან”.

686. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. ხალვა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

687. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

688. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მწვავს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სული არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

689. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება და-; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

690. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

691. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

692. “რაცა გითხარ ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

693. “ჰკადრე: “ვით გაქოს ყოველმან პირმან არ-მეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან; მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა ხემან, გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან.

694. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს უგულოსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

695. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს. არ მობრუნდე, თქვენმცა სუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.

696. კვლავ პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ათი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

697. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გმართებს შენია; შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ შენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ-საწყენია.

698. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

699. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო? რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!” სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.