ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

739. “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

740. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად! მას თუ დავთმობ, სახსლსაც ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?!

741. “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

742. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: ”ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

743. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

744. “რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

745. “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

746. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გახდის წამის – ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

747. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვდინების; მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

748. “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

749. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამათაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

750. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად; მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარისესე ჩემად დავლად.

751. “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

752. “არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!

753. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის-მხმეჭელსა, შედრეკილსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

754. “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

755. “დია ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

756. “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ მოყვასთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

757. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.