ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

854. დამორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი, კბილნი – ვითა მარგალიტნი, ბაგე – ვარდი ნაპობარი; გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

855. ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?

856. “არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების! არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების? მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების. ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.

857. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს. გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს. მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

მბობა ტარიელსაგან ლომ-ვეფხვის დახოცისა

858. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

859. “იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

860. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს; გამორიდა ვეფხმან გული, დედათამცა განარიდნეს, ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

861. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

862. “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

863. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!

864. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთვქნა, ა-ცა-ტირდა.

865. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

866. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

867. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

868. ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვა, შენი ბრალი, დაო თვარ სიკვდილი ჩემი ლხინია!

869. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს და წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი! ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

870. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი?

871. “ვარდი ამას ვით იაზრებს,-მზე მომშორდეს, არ დავზრეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გააკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”