ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

720. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა; რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

721. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია“.

722. ყმამან უთხრა: ”აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოუკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

723. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

724. “მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

725. მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი აღ-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

726. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდსახდელი რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

727. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან, ოდეს გაიპარა

728. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

729. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა; უმისოდმცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

730. “თუცა მისი არ-გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, – ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს, – გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, კაცსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.

731. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

732. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა. რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

733. “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქამდისი, კვლავ გავლენა გააკვლადე.

734. “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების; პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

735. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი! მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

736. “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი! ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?” ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

737. “შენგან ჩემი სიყვარული ვითმცა არა დამეჯერა, მაგრა საქმე არ მოხვდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

738. “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად; არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად? გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ტერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად.