... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

776. დაჯდა წერად ანდერძისა: საბრალოსა საუბრისად჻ ჱე მეფეო გავიპარე: ძებნად ჩემგან საძებრისად჻ ვერ დავდგები შეუყრელად: ჩემთა ცრემლთა მამდებრისად჻ შემინდევ და წამატანე: მოწყალება ღ~თაებრისად჻

777. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ: ამა ჩემსა გაზრახულსა჻ კაცი ბრძენი ვერ გასწირავს: მოყვარესა მოყვარულსა჻ მე სიტყვასა ერთსა გკადრებ: პლატონისგან სწავლა თქმულსა჻ სიცრუე და ორ პირობა: ავნებს ჴორცსა მერმე სულსა჻

778. რადგან თავი სიცრუვეა: ყოვლისა უბედობისა჻ მე რად გავწირო მოყვარე: ძმა უმტკიცესი ძმობისა჻ არა ვიქ ცოდნა რას მარგებს: ფილასოფოსთა ბრძნობისა჻ მით ვისწავლიდით მოგვეცეს: შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა჻

779. წაგიკითხავს სიყვარულსა: მოციქულნი რაგვარ სწერენ჻ ვით იტყვიან ვით აქებენ: ცან ცნობანი მიაფერენ჻ სიყვარული აგვამაღლებს: ვით ეჟვანი ამას ჟღერენ჻ შენ არ ჯერ ხარ უსწავლელნი: კაცნი რადმცა შევაჯერენ჻

780. ვინ დამბადა შეძლებაცა: მანვე მამცა მძლევად მტერთად჻ ვინ არს ძალი უხილავი: შემწე ყოვლთა მიწიერთად჻ ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს: ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად჻ იგი გაჰჴდის წამი ყოფით: ერთსა ასად ასსა ერთად჻

781. რაცა ღ~თსა არა სწადდეს: არა საქმე არ იქნების჻ მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი: ია ჴმების ვარდი ჭკნების჻ თვალთა ტურფა საჭვრეტელი: ყველა რამე ეშვიდნების჻ მე ვით გავსძლო უმისობა: ან სიცოცხლე ვით გეთნების჻

782. რაზომცა სწყრები შემინდევ: შეცულა თქვენისა მცნებისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე მაგისისა თნებისა჻ აწ წასულა იყო წამალი: ჩემთა სახმილთა გზნებისა჻ სადა გინდ ვიყო რა მგამა: ყოფაცა მქონდეს ნებისა჻

783. არას გარგებს სიმძიმილი: უსარგებლო ცრემლთა დენა჻ არ გარდავა გარდუვალად: მომავალი საქმე ზენა჻ წესი არის მამათაგან: მოჭირვება ჭირთა თმენა჻ არვის ძალუც ჴორციელსა: განგებისა გარდავლენა჻

784. რაცა ღ~თსა გაუგია: თავსა ჩემსა გარდასავლად჻ გარდამჴდეს და შემოვიქცე: აღარ დამრჩეს გული ავლად჻ თქვენვე გნახნე მხიარულნი: დიდებით და დავლა მრავლად჻ მას რა ვარგო დიდებად და: კმარის ესე ჩემთვის დავლად჻

785. მეფეო ესე თათბირი: მამკალ ვინ დამიწუნოსა჻ მეფეო ნუთუ წასვლამან: თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ: საქმესა საძაბუნოსა჻ პირის პირ მარცხვენს ორნივე: მივალთ მას საუკუნოსა჻

786. არ დავიწყება მოყვრისა: აროდეს გვიზამს ზიანსა჻ ვგმობ კაცსა უაუგოსა: ცრუსა და ღალატიანსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ: მას ჴელმწიფესა სვიანსა჻ რა უარია მამაცსა: სულ დიდსა წასულა გუიანსა჻

787. რა უარეა მამაცსა: ომშიგან პირის მხმეჭელსა჻ შემდრკალსა შეშინებულსა: და სიკვდილისა მეჭველსა჻ კაცი ჯაბანი რათა სჯობს: დიაცსა ქსლისა მბეჭველსა჻ სჯობს სახელისა მოხვეჭა: ყოველსა მოსახვეჭელსა჻

788. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა: გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი჻ მისგან ყოველი გასწორდეს: სუსტი და ძალ გულოვანი჻ ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან: ერთგან მოყმე და მჴცოვანი჻ სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა: სიკვდილი სახელოვანი჻

789. მერმე ვიშიშვი მეფეო: თქუენად კადრებად ამისად჻ სცდების და სცდების სიკუდილსა: ვინ არ მოელის წამისად჻ მოვა შემყრელი ყოველთათვინ: ერთად დღისა და ღამისად჻ თუ ვერა გნახნე ცოცხალმან: სიცოცხლე მქონდეს ჟამისად჻

790. თუ საწუთრომან დამამჴოს: ყოველთა დამამჴობელმან჻ ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად: ვერ დამიტიროს მშობელმან჻ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა: და ვერცა მისანდობელმან჻ მუნ შემიწყალოს თქუენმავე: გულმან მოწყალე ლმობილმან჻

791. მაქუს საქონელი ურიცხვი: ვერვისგან ანაწონები჻ მიეც გლახაკთა საჭურჭლე: ათავისუფლე მონები჻ შენ დაამდიდრე ყოველი: ობოლი არას მქონები჻ მიღვწიან მამიგონებენ: დამლოცვენ მოვეგონები჻

792. რაცა თქუენთვინ არ ვარგიყოს: საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა: ზოგი ხიდთა გასადებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი: ჩემი ჩემთვის წასაგებლად჻ თქვენგან კიდე არვინ მივის: ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად჻

793. ამას იქით ჩემგან ჩემი: ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა: წიგნი გკადრებს არ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა: საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე: მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის჻

794. გვედრებ მეფეო შერმადინს: მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქუს ჭირი სამისოდ: ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშინის ეც წყალობით: ჩემგან წყალობა ჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თვალთაგან: ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა჻

795. გასრულდა ჩემი ანდერძი: ჩემგან ნაწერი ჴელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი: წაველ გულითა ხელითა჻ ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი: ნუ ხართ მოსილნი ბნელითა჻ სუფევითამცა ხარ თავითა: მტერთაგან საკრძალველითა჻