... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა჻

660. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა჻ პირსა იხოჭს ვარდსა აპობს: ჴელი მისი გაამხოკლა჻ სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა჻ მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა჻

661. მუნ მივიდა სადა იგი: მისნი სპანი დაეყარნეს჻ ნახეს იცნეს რაგვარაცა: მართებს ისრე გაეხარნეს჻ შერმანდისცა ახარებდეს: ფიცხლად კაცთა თავნი არნეს჻ მოვიდაო აქამდისი: ვისგან წასულა გაგვემწარნეს჻

662. გაეგება მოეხვია: ზედან დახვდა პირი ჴელსა჻ აკოცებდეს სიხარულით: ცრემლსა ღურიდა ველთა მსვრელსა჻ ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო: ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა჻ მე ვით ღირს ვარ ამას რომე: თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა჻

663. ყმამან მდაბლად მოიკითხა: ზედან დასდვა პირი პირსა჻ უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ: შენ თუ ჭირი არა გჭირსა჻ დიდებულთა თაყვანისცეს: აკოცებდეს ვინცა ღირსა჻ ზარსა სცემდეს უხაროდა: უფროსა თუ უნდა მცირსა჻

664. მოვიდეს სადა სამყოფლად: სახლი დგა მუნ აგებული჻ მოვიდა ნახვად ყოველი: მის ქალაქისა კრებული჻ მაშინვე დაჯდა ნადიმად: მორჭმული ლაღი შვებული჻ ენა მის დღისა შვებასა: ყოლა ვერ იტყვის კლებული჻

665. შერმადინს უთხრა უამბო: ყოველი მისგან ნახული჻ ანუ ვით ჰპოა იგი ყმა: მისგანვე მზედ დასახული჻ ავთანდილს ცრემლი უყოფდა: უბნობდა თვალ დაფახული჻ უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს: ჩემთვის დარბაზი და ხული჻

666. მუნ ამბავი შინაური: ყველაკაი მოახსენა჻ შენი წასვლა არვინ იცის: რაცა მითხარ აგრე ვჰქენა჻ მას დღე მუნით არ წავიდა: ინადიმა გაისვენა჻ ცისკრად შეჯდა გაემართა: დღე რა მზემან გაათენა჻

667. არცაღა დაჯდა ნადიმად: არცაღა კვლავ ხალვათისა჻ შერმადინ მახარობელი: წავა მისლვისა მათისა჻ ფიცხლად წავიდა სავალი: სამ დღე ვლო დღისა ათისა჻ მას ლომსა ნახვა უხარის: მის მზისა მეკამათისა჻

668. შესთავლა მეფე უკადრი: ხარმცა მორჭმით და დიდობით჻ ამა საქმესა ვიკადრებ: შიშით კრძალვით და რიდობით჻ მის ყმისა ვერას ვერ მცნობი: უჴმობდი თავსა ფლიდობით჻ აწ ვსცან და გაცნევ ყუელასა: მოვალ შვებით და მშვიდობით჻

669. როსტევან მეფე უკადრი: მორჭმული შეუპოველი჻ შერმადინ მოციქულობა: თვით მოახსენა ყოველი჻ ავთანდილ მოვა წინაშე: მის ყმისა ვისმე მპოელი჻ ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან: სააჯო და სათხოელი჻

670. თინათინს ჰკადრა შერმადინ: ნათელსა მას უღამოსა჻ ავთანდილ მოვა წინაშე: გკადრებს ამბავსა ამოსა჻ იგი მით აკრთთობს ელვასა: მზისაცა უთამამოსა჻ მას საბოძვარი უბოძა: მისი ყველაი დამოსა჻

671. მეფე შეჯდა გაეგება: ყმასა მუნით მამავალსა჻ ამას პირ მზე მეფისაგან: ივალებდა დიდსა ვალსა჻ მიეგება მოეგება: მხიარული გულ მხურვალსა჻ დიდებულთა ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა჻

672. რა მიიახლა გარდახდა: ყმამ თაყუანისცა მეფესა჻ აკოცა როსტენ მიმხვდარმან: ნიშატთა სიიეფესა჻ გულ მხიარულნი შვებულნი: მივლენ დარბაზსა სეფესა჻ მის ყმისა მოსლვა უხარის: ყოველსა მუნ მეკრეფესა჻

673. მას ავთანდილ თაყუანისცა: ლომთა ლომმან მზეთა მზესა჻ მუნ ბროლი და ვარდ გიშერი: გაეტურფა სინაზესა჻ პირი მისი უნათლეა: სინათლისა ზესთა ზესა჻ სახლ სამყოფი არა მართებს: ცამცა გაიდარბაზესა჻

674. მას დღე დასხდეს ნადიმობად: გაამრავლეს სმა და ჭამა჻ ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს: ვითა შვილსა ტკბილი მამა჻ მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა჻ უხვად გასცეს საბოძვარი: მარგალიტი ვითა დრამა჻

675. სმა გარდაჴდა თავის თავის: გაიყარნეს მსმელნი შინა჻ დიდებულნი არ გაუშვეს: ყმა დაისვეს ახლოს წინა჻ მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს: რაცა ჭირი დაეთმინა჻ მერმე მის საუცნობოსა: რა ენახა რა ესმინა჻

676. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს: თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა჻ მზე თუ ვთქვა მგზავსი მისი და: ანუ მისისა სახისა჻ ვინ უნახავ ქნის გონება: ყოველთა კაცთა მნახისა჻ ვარდი დამჭკნარი ეკალსა: შუა შორს მყოფი ახისა჻

677. რა ჭირი კაცსა სოფელმან: მოუთმოს მოუთმინამან჻ ქაცვი ლერწამმან ზაფრანა: იმსგავსოს ფერად მინამან჻ ავანდილ მისმან მხსენებმან: ღაწვი ცრემლითა მინამან჻ წვრილად უამბო ამბავი: მან მისმან მონასმინამან჻

678. ქვაბნი ომითა წაუხმან: სახლად აქვს დევთა სახლები჻ საყვარელისა მისისა: ქალი ჰყავს თვით ნაახლები჻ ვეფხისა ტყავი აცვია: ცუდად უჩნს სტავრა ნახლები჻ აღარა ნახავს სოფელსა: ცეცხლი სწვავს ახალ ახლები჻