... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

699. რა სჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს჻ ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს჻ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს჻ ვაი მოყვარისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს჻

700. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა჻ ყმა წამოვიდა გაყრილი: მივა გულითა რეტითა჻ მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა჻ იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა჻

701. ყმა წავიდა სევდიანი: მკერდსა იცემს ამად ილებს჻ რომე კაცსა მიჯნურობა: ატირებს და გააფლიდებს჻ რა ღრუბელი მიეფარვის: მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს჻ მის მოყვრისა მოშორება: კულავ აჩრდილებს არ ადილებს჻

702. სისხლმან და ცრემლმან გარევით: ღაწვი ქნის ღარად და ღარად჻ იტყვის მზე ჩემგან თავისა: კმა დასადებლად აღარ჻ მიკვირს თუ გული ალმასი: შავმან წამწამმან დაღა რად ად჻ ვირე ვნახვიდე სოფელო: მინდი სალხინოდ აღარად჻

703. ვინ უწინ ედემს ნაზარდი: ალვა რგვით მორწყო მახია჻ დღეს საწუთრომან ლახვარსა: მიმცა დანასა მახია჻ აწ გული ცეცხლით ამივსებს: დაბმით დამაბა მახია჻ აწყა ვცან საქმე სოფლისა: ზღაპარია და ჩმახია჻

704. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს: ათრთოლებს და აწანწარებს჻ გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით: მიხრის ტანსა მიახარებს჻ საყვარლისა სიახლესა: მოშორვება გაამწარებს჻ ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა: ასუდარებს აზეწარებს჻

705. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა: ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების჻ მაგრა ახლავს გონებითა: საყვარელსა არ მოსწყდების჻ ვით მწვანვილსა თრთვილისაგან: პირსა ფერი მოაკლდების჻ ხედავთ ვარდსა უმზეობა: როგორ ადრე დააჩნდების჻

706. გული კრულია კაცისა: ხარბი და გაუძღომელი჻ გული ჟამ ჟამად ყოველთა: ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი჻ გული ბრმა ურჩი ხედვისა: თვით ვერას ვერ გამზომელი჻ ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი: ვერცა მეფეა რომელი჻

707. რა გულსა უთხრა გულისა: სიტყვანი საგულისონი჻ მან მარგალიტი მოიხვნა: მის მზისა სამეყვისონი჻ მის მზისა მკლავსა ნაბამი: მათ კბილთა შესატყვისონი჻ პირსა დაიდვა აკოცა: ცრემლი სდის ვითა ბისონი჻

708. რა გათენდა კაცი მივა: მომკითხავი დარბაზს მჴმობი჻ ყმა წავიდა ლაღი ნაზი: ნაღვიძები ძილ ნაკრთობი჻ ერთმანერთსა ეჯავრვიან: დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი჻ მეფე მინდორს ეკაზმოდა: მოეკაზმა დაბდაბ ნობი჻

709. მეფე შეჯდა მაშინდელი: ზარი აწმცა ვით ითქმოდა჻ ქოს დაბდაბთა ცემისაგან: ყურთა სიტყუა არ ისმოდა჻ მზესა ქორნი აბნელებდეს: ძაღლთა რბოლა მიდამოდა჻ მას დღეს მათგან დანაღვარი: სისხლი ველთა მოესხმოდა჻

710. ინადირეს შემოიქცეს: მხიარულნი მინდორს რულნი჻ შეიტანეს დიდებულნი: თავადნი და სპანი სრულნი჻ დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი: საჯდომნი და სრანი სრულნი჻ ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა: მომღერალნი იყუნეს სრულნი჻

711. ყმა ახლოს უჯდა მეფესა: ჰკითხვიდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი: და კბილთა ელვა ჰკრთებოდა჻ ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს: შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ ჴსენება: არვისგან იკადრებოდა჻

712. ყმა მივიდა გულმოკლული: ცრემლი ველთა მოედინა჻ მართ მისივე სიყვარული: უარებდის თვალთა წინა჻ ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის: ხელსა რადმცა დაეძინა჻ რაცა აჯა დათმობისა: გულმან ვისმცა მოუსმინა჻

713. წევს იტყჳს გულსა სალხინო: რამცაღა დაუსახეო჻ მოგშორდი ედემს ნაზარდო: ლერწამო და ხეო჻ შენთა მჭურეტელთა ნიშატო: ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო჻ ცხადად ნახვას არა ღირს ვარ: ნეტარმცა სიზმრად გნახეო჻

714. ამას მოსთქმიდის ტირილით: ცრემლისა დასაღვაროთა჻ კულავ გულსა ეტყჳს დათმობა: ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა჻ არ დავჰთმოთ რა ვჰქნათ სევდასა: მითხარ რა მოუგვაროთა჻ თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან: ჭირნიცა შევიწყნაროთა჻

715. კულავ იტყჳს გულო რაზდენცა: გაქუს სიკუდილისა წადება჻ სჯობს სიცოცხლისა გაძლება: მისთვის თავისა დადება჻ მაგრა დამალე არ გაჩნდეს: შენი ცეცხლისა კულა დება჻ ავად შეჰფერობს მიჯნურსა: მიჯნურობისა ცხადება჻

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა჻

716. რა გათენდა შეეკაზმა: ყმა გავიდა ადრე გარე჻ იტყჳს ნეტარ მიჯნურობა: არ დამაჩნდეს დაცავფარე჻ დათმობასა ეაჯების: გულსა შენ რა მოუგვარე჻ ცხენსა შეჯდა წამოვიდა: ვაზირისა სახლსა მთვარე჻

717. ვაზირმან ცნა გაეგება: ჩემსა მზეა ამოსრული჻ ამას თურმე მახარებდა: დღეს ნიშანი სახარული჻ მიეგება თაყვანისცა: ჰკადრა სრულსა ქება სრული჻ ჴამს სტუმარი სასურველი: მასპინძელი მხიარული჻