... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

871. საყვარელმან საყვარელი: ვით არ ნახოს ვით გაწიროს჻ მისკენ მივალ მხიარული: მერმე იგი ჩემ კერძ იროს჻ მივეგებვი მამეგებოს: ამიტირდეს ამატიროს჻ ჰკითხე ასთა ქენ გულისა: რა გინდ რა ვინ გივაზიროს჻

872. მართ გარდაწყვეტით იცოდი: გეტყვი მართალსა პირასა჻ სიკვდილი მახლავს დამეხსენ: ხანსაღა დავყოფ მცირასა჻ არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ: რა დავრჩე ჴელსა მჴდი რასა჻ დამშლიან ჩემი კავშირნი: შევრთვიან სულთა სირასა჻

873. რა სთქჳ რას იტყვი არ მესმის: არცა მცალს სმენად მაგისად჻ სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა: სიცოცხლე არის წამისად჻ აწ გამიარმდა სიცოცხლე: მეტად ყოვლისა ჟამისად჻ მუნ მეცა მივალ ცრემლისა: მიწად სად გამდის ღამი სად჻

874. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი: ჴელი ვითა იქს ბრძნობასა჻ ეგ საუბარი მაშინ ჴამს: თუცაღა ვიყო ცნობასა჻ ვარდი ვერ არის უმზეოდ: იყოს დაიწყებს ჭკნობასა჻ მაწყენ დამეხსენ არა მცალს: არცაღა ვახლავ თმობასა჻

875. კულავ ეუბნების ავთანდილ: სიტყჳთა მრავალ ფერითა჻ ეტყვის რამ მოჰკუდე გერგების: სიტყჳთა რა ოჴერითა჻ ნუ იქ არა სჯობს საქმითა: ნუ ხარ თავისა მტერითა჻ ვერ წაიყვანა ვერა ქნა: სიტყვითა ვერა ვერითა჻

876. მერმე უთხრა აჰა რადგან: არ მომისმენ არას არა჻ არას გაწყენს ენა ჩემი: აქამდისცა ცუდად მცდარა჻ თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე: ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა჻ ერთსა რასმე გიაჯები: მიყავ ცრემლი ამდუღარა჻

877. სადა ინდონი ბროლ ვარდსა: სარვენ გიშრისა სარითა჻ მას მოვეშორვე წამოვე: სიჩქარით არ სიწყნარითა჻ ვერ დამიჭირა მეფემან: მშობლურად საუბარითა჻ შენ არ შემიყრი გამიყრი: აწ ჩემი ლხინი ვჰთქუა რითა჻

878. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა: ერთი მიყავ საწადელი჻ ერთხელ შეჯე ცხენოსანი: გნახო ჩემი სულთა მდგმელი჻ ნუთუ მაშინ მოვიქარვო: სევდა ესე აწინდელი჻ მე წავალ და შენ დაგაგდებ: იქნას შენი საწადელი჻

879. ეხვეწებოდა შეჯეო: აჯას ხვეწნითა არვებდა჻ იცოდა რომე შეჯდომა: კაეშანს მოაქარვებდა჻ ლერწმისა სარსა დასდრეკდა: გიშერსა დააკარვებდა჻ დაიმორჩილა იამა: არ ივაგლახა არ ვებდა჻

880. ცხადად უთხრა შევჯდებიო: მამიყვანე ცხენი წინა჻ მან მოგუარა წყნარად შესვა: არ სიჩქარით ააქშინა჻ მინდორთაკენ წაიყუანა: ტანი მჭევრი აძრვევინა჻ ხანი წავლეს სიარულმან: მოჯობება დააჩნინა჻

881. შეაქცევს და ეუბნების: საუბართა შვენიერთა჻ მისთვის ძვრიდა სასაუბროდ: მათ ბაგეთა ძოწის ფერთა჻ მისი სმენა გააყმობდა: მსმენელისა ყურთა ბერთა჻ მოიშორვა კაეშანი: დათმობავე შეაერთა჻

882. რა შეატყვა მოჯობება: მუნ სევდისა მუფარახმან჻ გაანათლა პირი ვარდი: სიხარულმან დაუსახმან჻ ცნობიერთა დასტაქარმან: უცნობოთა ოხრა ახმან჻ ცნობიერი სიტყუა უთხრა: უცნობოსა რასმე მძრახმან჻

883. შერასმეჰყუეს საუბარსა: სიტყუა ჰკადრა არ მალული჻ ერთსა რასმე მოგახსენებ: გამიცხადე დაფარული჻ ეგე სამჴრე მისეული: შენ გაჩნია მისგან წყლული჻ რაგვარ გიყუარს როგორ გიღირს: თქჳ დავიღო მერმე სული჻

884. მან უთხრა სახე რა გითხრა: მის უსახოსა სახისა჻ ესეა ჩემი სიცოცხლე: ჩემი მამცემი ახისა჻ მჯობი ყოვლისა სოფლისა: წყლისა მიწისა და ხისა჻ არ სასმენლისა მოსმენა: არს უმჟავესი წმახისა჻

885. ავთანდილ უთხრა ელმოდი: მართ მაგისავე თქმევასა჻ აწ რადგან გითქვამს პასუხსა: გკადრებ და ნუ მეჭუ თნევასა჻ სჯობს ასმათისა არ ლევა: მაგა სამჴრისა ლევასა჻ ამად არ გიქებ საქმისა: უარესისა რჩევასა჻

886. სამჴრე გაბია ოქროსა: ოქრომჭედლისა დნობილი჻ უასაკო და უსულო: არ სიტყჳერი ცნობილი჻ აღარად გინდა ასმათი: ნახე მართალი ბრჭობილი჻ პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი: და მერმე შენი დობილი჻

887. თქვენს შუა მქმნელი საქმისა: შენგან ნახმობი დობისა჻ თქვენი შემყრელი მსახური: შენგან ღირს ქნილი ცნობისა჻ მისი გამზრდელი გაზრდილი: მისთვის მიჴდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ: შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

888. მან უბრძანა რაცა გითქუამს: უმართლე ხარ მეტის მეტად჻ საბრალოა ასმათ მისად: მგონებლად და ჩემად მჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა: შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ: თუცავე ვარ ჯერცა რეტად჻

889. დამორჩილდა გაემართნეს: ავთანდილ და ამილბარი჻ ვერ მიგია ქება მათი: ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტი: ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ჴვრელით ამოიყვანს: ენა ტკბილად მოუბარი჻

890. ამას ეტყვის შენთვის დავდებ: გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ: ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულობა: თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა჻ არ იჴმარებ რას ჴელსა ჰჴდი: საუნჯესა დაფარულსა჻