... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

758. მოიუბნეს ვაზირმან ქნა: ჭამა სმანი მათნი ფერნი჻ უმასპინძლა ძღვენი უძღვნა: შვენიერსა შვენიერნი჻ მისნი მყოლნი ავეავსნა: მოყმენი თუნდა ბერნი჻ გაიყარნეს ყმა წავიდა: სახლად ჩადგეს მზისა წვერნი჻

759. შეკრა წითელი ასი ათასი: პირად მზემან და ტანად სარომან჻ სამასი თავი სტავრა ატლასი: უხვმან და მიუმხდარომან჻ სამოცი თვალი ლალ იაგუნდი: ფერად მათმან საურაომან჻ კაცი გაგზავნა ვეზირისასა: ესე ყველაი მისთვის არო მან჻

760. შესთვალა თუ რაცა გმართებს: ვით მოგცე და ვით გაქონო჻ ვალთა შენთა გარდასახდელი: რა ნაცვალი მოვიგონო჻ თუღა დავრჩე შენთვის: მოვჰკვდე თავი ჩემი დაგამონო჻ სიყვარული სიყვარულსა: შეგიცვალო შეგიწონო჻

761. მე ვითა ვთქვა უებრობა: სიკეთე და ქება მისი჻ კაცი იყო საქმისაცა: შესაფერი შესატყვისი჻ ასრე უნდა სამსახური: ჰგავიდოდეს ვისცა ვისი჻ ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ: უნდა ძმა და თვისი჻

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა჻

762. შერმადინს ეტყვის უბრძანებს: პირ მზე ნათელთა მფენელი჻ ესე დღე არის იმედი: ჩემის გულისა მლხენელი჻ შენგან თავისა შენისა: საჩემოდ გამომჩენელი჻ მქებრად ამბისა მათისა: ჴამს მკითხავი და მსმენელი჻

763. იტყვის როსტან არ გამიშვა: არცა სიტყვა მამისმინა჻ მან არ იცის რათ ვინა და: სულდგმულია ვისგან ვინა჻ უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ: ნუცა გარე ნუცა შინა჻ რაცა საქმე უსამართლო: ღ~თნ ვისმცა შეარჩინა჻

764. თუცა მისი არ გაწირვა: ჩემგან მტკიცობს არ სათუობს჻ ყოვლი ცრუ და მოღალატე: ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს჻ გული მისი უნახავი: ტირს და სულთქუამს ვაებს უშობს჻ ლხინსა არას არ იახლებს: ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს჻

765. სამი არის მოყურისაგან: მოყურობისა გამოჩენა჻ პირველ ნდომა სიახლისა: სიშორისა ვერ მოთმენა჻ მიცემა და არას შური: ჩუქებისა არ მოწყენა჻ გავლენა და მოჴმარება: მისად რგებად ველთა რბენა჻

766. რაღა ვაგრძელებ სიტყვასა: ჟამია შემოკლებისა჻ აწ გაპარვაა წამალი: ამა გულისა ხლებისა჻ რასაცა გვედრებ ისმენდი: ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა჻ შენ გაამაგრე დაჭირვა: ჩემისა ნასწავლებისა჻

767. აწ მეფეთა სამსახურად: პირველ თავი დაამზადე჻ სიკეთე და უკლებრობა: შენი ერთობ გააცხადე჻ სახლი ჩემი შეინახე: სპათა ჩემთა ეთავადე჻ სამსახური აქამდისი: კულავ გავლენა გააკვლადე჻

768. მტერთა ჩემთა ენაპირე: ძალი ნუმცა მოგაკლდების჻ ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს: ორგულნიმცა შენნი კვდების჻ შემოვიქცე შენი ჩემგან: ვალი კარგად გარდიჴდების჻ პატრონისა სამსახური: არაოდეს არ წახდების჻

769. ესე ესმა ცრემლი ცხელი: შერმადინსა თვალთა სდინდი჻ მოახსენა მარტოობით: ჭირსა რადმცა შეუშინდი჻ მაგრა რა ვჰქნა უშენომან: დამეცემის გულსა ბინდი჻ წამიტანე სამსახურად: მოგეჴმარვი რაცა გინდი჻

770. ვის ასმია მარტოსაგან: ღარიბობა ეგზომ დიდი჻ ვის ასმია პატრონისა: ჭირსა შიგან ყმისა რიდი჻ დაკარგულსა გიგონებდე: რა ვიქნები აქა ფლიდი჻ ყმამან უთხრა ვერ წაგიტან: რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი჻

771. შენგან ჩემი სიყვარული: ვითამც არა დამეჯერა჻ მაგრა საქმე არ მოჰჴდების: ჟამი ასრე დამემტერა჻ ვის მივანდო სახლი ჩემი: შენგან კიდე ვინც ეფერა჻ გული დადევ დაიჯერე: ვერ წაგიტან ვერა ვერა჻

772. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჴამ: ხელი მინდორთა მე რებად჻ არ მარტო უნდა გაჭრილი: სისხლსა სისხლითა ღვარებად჻ გაჭრა ჴელია მიჯნურთა: რად სცალს თავისა ბერებად჻ ასრეა ესე სოფელი: შესჯერდი კულა შეჯერებად჻

773. რა მოგშორდე მახსენებდი: სიყვარული ჩემი გქონდეს჻ არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა: თავი მონად მამიმონდეს჻ ჴამს მამაცი გაგულოვნდეს: ჭირსა შიგან არ დაღონდეს჻ მძულს რომ კაცსა სააუგო: საქმე არა არ შესწონდეს჻

774. მე იგი ვარ ვინ სოფელსა: არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად჻ ვის სიკვდილი მოყვრისათვის: თამაშად და მიჩანს მღერად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე: გაუშვივარ დავდგე მე რად჻ თუ მას დავჰთმობ სახლსა ჩემსა: ვეღარ დავჰთმობ ვისა მე რად჻

775. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ: როსტანს წინა დაწერილსა჻ შენ შეგვედრებ დაგიჭიროს: ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა჻ მოვჰკვდე თავსა ნუ მოიკლავ: სატანისგან ნუ იქ ბნელსა჻ ამაზედა იტირებდი: დაიდებდი თვალთა მილსა჻

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻